აჭარა ტურმა ჩაატარა ტრენინგ-სემინარი კრუიზების გაყიდვის შესახებ
ტურ-ოპერატორი „აჭარა ტური“, რომელსაც საქართველოში 14 წლიანი გამოცდილება აქვს საკრუიზო გემების მომსახურებაში და საკრუიზო პაკეტების ფორმირებასა და გაყიდვაში, საერთაშორისო საკრუიზო ტურიზმის ბაზარზე შემოდის და თანამშრომლობას სთავაზობს ტურ-ოპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს 20-ზე მეტი საკრუიზო ხაზის საზღვაო და მდინარის ტურების გაყიდვაში, რომელთა შორისაც გახლავთ: Costa, MSC, Royal Caribbean, Norwegian, Oceania Cruises, Crystal, Silversea, Ponant, A-Rosa და CroisiEurope.
ხოლო 2019 წლის 27 სექტემბერს კი, 11:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში „აჭარა ტური“-ს მიერ კრუიზების გაყიდვის შესახებ ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.
ღონისძიების პროგრამა ოთხი მოდულისგან იყო შემდგარი:
- კრუიზების, როგორც პერსპექტიული ტურისტული პროდუქტებისა და საკრუიზო ხაზების “სტანდარტული“, „პრემიუმ“ და ლუქსი“ კლასის პროდუქტების პრეზენტაცია.
- საკრუიზო მოგზაურობის ზოგადი მახასიათებლების პრეზენტაცია: განთავსების კატეგორიები, ლაინერის ინფრასტრუქტურა, კვება და გასართობი პროგრამები. აგრეთვე, კრუიზების გეოგრაფია.
- კრუიზების ონლაინ მოძიება და დაჯავშნა: B2C, B2B სისტემები - როგორ უნდა იპოვოთ, აირჩიოთ და შესთავაზოთ საკრუიზო პაკეტი კლიენტს. გარდა ამისა, დაჯავშნის პირობები და ინფორმაცია საკომისიოების შესახებ ტურ-სააგენტოებისთვის.
- ტრენინგი ტურისტული სააგენტოების მენეჯერებისთვის: კრუიზების მარკეტინგი, პროდუქტის პოზიციონირება, რეკლამა სოციალურ ქსელში და ინსტრუმენტები, რომლებიც მოთხოვნასა და გაყიდვას უზრუნველყოფენ.
ღონისძიებაში მონაწილეებმა საკრუიზო პროდუქტთან ყველა ეტაპზე მუშაობის საფუძვლიანი გამოცდილება მიიღეს. ესენია:
• განვითარება
• შეთავაზების მომზადება
• დაჯავშნა
• ტურისტის მომზადება მოგზაურობისთვის
ღონისძიებას აჭარა ტურის გენერალური დირექტორი, ირაკლი თავართქილაძე და სპიკერ-პარტნიორი ალექსეი გუსევი, საკრუიზო პროდუქტის და ლაინერის საექსკურსიო მომსახურების სპეციალისტი წარუძღვნენ. აღსანიშნავია, რომ ალექსეი 50-ზე მეტ ლაინერზე იმყოფებოდა და გარდა ამისა, მან 15 საკრუიზო მოგზაურობაც განახორციელა.
სემინარის განმავლობაში აჭარა ტურმა ტურისტული სააგენტოები საერთაშორისო ონლაინ ტრენინგის პროექტში სახელად „საკრუიზო მოგზაურობის სკოლა ტურისტული სააგენტოებისთვის“ მიიწვია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში, 15.10.2019-დან 29.10.2019-მდე გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები: