რატომ უნდა იმოგზაუროთ იტალიაში

5 აგვისტო 2019

იტალია იმ ქვეყნების სიას მიეკუთვნება, რომლებმაც თავიანთი კულტურით უდიდესი გავლენა იქონიეს მთელ მსოფლიოზე და ეს სიტყვები რომ უფრო გავამყაროთ, მხოლოდ და მხოლოდ რენესანსის პერიოდის გახსენებაც კი გვეყოფა.

იქ ყოფნისას საოცრად ლამაზი და თვალწარმტაცი გარემო ეგრევე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება და ამაში მალევე დარწმუნდებით, რადგან ჩვენი სია იდეალურად გაგაცნობთ იმ ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ იტალიაში და რომლებიც დაგაფიქრებენ და დაგარწმუნებენ, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ამ ქვეყანას.

ფოტო:Nomadepicureans.com

თუმცა, სანამ ღირსშესანიშნაობებსა და სხვა ადგილებზე დავიწყებდეთ საუბარს, შეგახსენებთ, რომ მოგზაურობის შემდეგ აუცილებელია მიირთვათ გემრიელი კერძი, რადგან ასე ენერგია მოგემატებათ და თავგადასავლების საძიებლად ახალი ძალებით წახვალთ! სწორედ ამიტომ, იმ წამსვე მიირთვით პიცა ან პასტა, რომლებსაც, მართალია შეიძლება თქვენი ქალაქის ადგილობრივ კაფეებშიც აგემოვნებდეთ ან სახლშიც ამზადებდეთ, მაგრამ რა ჯობია იტალიური კერძის იტალიაში გასინჯვას?! თანაც, ის ფაქტი, რომ ყველაზე გემრიელი პიცა ნეაპოლში მზადდება, საკმაოდ ცნობილია.

ახლა კი დროა ადგილებს გავეცნოთ, მაშ ასე:

ფოტო: Viator.com

ვენეცია - გარდა იმისა, რომ ვენეცია ცნობილია იმ ფაქტით, რომ ეს ქალაქი 118 კუნძულისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ხიდებით უკავშირდება, უნდა აღინიშნოს საოცრად დახვეწილი სტილის მქონე არქიტექტურა და ისეთი მაღაზიები, რომლებიც მე-11 საუკუნიდან იღებენ სათავეს და მოგზაურებისთვის ნამდვილ სიამოვნებას წარმოადგენენ. ტყუილად კი არ გადმოსცა ცნობილმა იტალიელმა მწერალმა იტალო კალვინომ თავის "უხილავ ქალაქებში" მართალია ალეგორიულად, მაგრამ მაინც, ვენეციის მშვენიერება?

ფოტო: Tripsavvy.com

ფლორენცია - აქ ყოფნა ხელოვნების მოყვარულებისთვის დღესასწაულია! ფლორენციის საკათედრო ტაძარი, უფიცის მუზეუმი და გალერეა დელ აკადემია - სადაც მიქელანჯელოს ცნობილ სკულპტურებსა და ქანდაკებებს, რომელთა შორისაც არის დავითი - შეხვდებით, ნამდვილად შოკში ჩაგაგდებთ.

ფოტო: Shutterstock

ეწვიეთ კომოს ტბას, რადგან ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იტალიის დასათვალიერებლად. საყვარელ ადამიანებთან ერთად ნავით სეირნობა და ლამაზი პეიზაჟებით ტკბობა, ნამდვილად შესანიშნავი მოგონებების საწინდარი იქნება.

ფოტო: Nationalgeographic

მართალია, ალბათ არ არსებობს ისეთი ადგილი ამ ქვეყანაში, რომელიც ლამაზი არ იქნება, მაგრამ რადგან სეირნობა და დათვალიერება ვახსენეთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ და მოიაროთ ამალფის სანაპიროც, სადაც დღის ბოლოს, დაღლილ-დაქანცულები უგემრიელესი ლიმონჩელოს დაგემოვნებას შეძლებთ.

ფოტო: Shutterstock

პომპეი - ქალაქია, რომელიც 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა და აღსანიშნავია, რომ იქაურობა საუკუნეების მანძილზე იყო დაფარული ვულკანური ფერფლით.

შემდეგ კი აუცილებლად ეწვიეთ კოლოსეუმს, რომელიც დღესდღეობით რომის სიმბოლოს წარმოადგენს! ეს ამფითეატრი, რომელსაც ელიფსური შენობის სიგრძე გააჩნია, საუკუნეების წინ ძირითად დროს გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს უთმობდა.

ფოტო: Shutterstock

ეწვიეთ წმინდა მარკის ბაზილიკას, რომლის არქიტექტურაც საოცრად გამორჩეულია! და გვერწმუნეთ, მისი ინტერიერი კიდევ უფრო მეტად მოგხიბლავთ.

ფოტო: Shutterstock

ჰმმმ, იტალიაში იმოგზაუროთ და ტრევის შადრევანში მონეტა არ ჩააგდოთ? ან უბრალოდ ამ ადგილის სილამაზით არ დატკბეთ?! წარმოუდგენელია.

ფოტო: Shutterstock

ეწვიეთ სანტა მარია დე ლე გრაციეს მილანში, სადაც ლეონარდო და ვინჩის საოცარ ნახატებს წააწყდებით! აღსანიშნავია, რომ მილანის მრავალი ვიზიტორი მოგზაურობის საუკეთესო ადგილად სწორედ გრაციეს მოიხსენიებს.

და ბოლოს, ნუ დაივიწყებთ შოპინგს! მილანის მაღაზიებში ახალი ტანსაცმლის შეძენა თქვენს თავგადასავალს ახალ ელფერს შესძენს.

წყარო: thecrazytourist.com & ordinarytraveler.com